კრიპტოვალუტების მომხრე აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატზე დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, ბიტკოინმა 62 000 დოლარს გადააჭარბა. რის შედეგადაც ვრცელდება ხმები, რომ ტრამპის ხელახლა არჩევის შანსები მკვეთრად გაიზარდა.
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს კრიპტოვალუტის მხარდამჭერად მიიჩნევს, პენსილვანიაში პოლიტიკურ მიტინგზე მომხდარი სროლის დროს მარჯვენა ყური დაუზიანდა. ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და მილუოკიში რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე დასწრებას მოუთმენლად ელოდება.
ინციდენტმა ციფრული აქტივების ბაზარზე ზრდის ტენდენცია გამოიწვია. პირველი კრიპტოვალუტა 4,5%-ით – 62,900 დოლარამდე გაიზარდა. ბიტკოინთან ერთად Ethereum-ის კურსმაც მოიმატა: ის დაახლოებით 4%-ით – 3341 დოლარამდე გაიზარდა. XRP – 0,56 დოლარამდე, BNB – 556 დოლარამდე, ხოლო SOL 152 დოლარამდე გაიზარდა.
ამომრჩევლების მოზიდვის მიზნით, ტრამპი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლებს სულ უფრო ხშირად მიმართავს. გასულ კვირას, ბიტკოინის კონფერენციის ორგანიზატორებმა, რომელიც 27 ივლისს ტენესის შტატში, ნეშვილში არის დაგეგმილი განაცხადეს, რომ ტრამპი ღონისძიებაზე გამოსვლას აპირებს.
ივნისში ტრამპი ბიტკოინის მაინერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი საიმედო დაცვა იქნება ციფრული დოლარისგან, რომლის შემოღებამაც შესაძლოა მომხმარებელთა კონფიდენციალურობა დაარღვიოს.
ტრეიდერები იმედოვნებენ, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება მაინერებისთვის გადასახადების შემცირებას და კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების შერბილებას გამოიწვევს .
ტრამპი პოლიტიკური კამპანიისთვის შემოწირულობებს წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟებისგან იღებს. ივნისში ბირჟა Kraken -ის თანადამფუძნებელმა ჯესი პაუელმა (Jesse Powell) პოლიტიკოსს 1 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი შესწირა. მანამდე კრიპტო ბირჟა Gemini -ის დამფუძნებლებმა ძმებმა ვინკლვოსებმა ტრამპს 1 მილიონი დოლარის ბიტკოინი შესწირეს.