Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, ბიტკოინის ფასი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს გაიზრდება. მანამდე კი, პირველი კრიპტოვალუტის კურსი 55,000 დოლარიდან 75,000 დოლარამდე იქნება.
მაიკ ნოვოგრაცი (Mike Novogratz) მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი ახლა კონსოლიდაციის ფაზაშია და მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების ზრდას არ უნდა ველოდოთ.
„ბიტკოინი სავარაუდოდ სადღაც 55,000$-დან 75,000$-მდე იქნება, სანამ მეორე კვარტლის ბოლოსკენ შემდეგი საბაზრო მოვლენა მის ფასს არ გაზრდის.“ – განაცხადა მან.
Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ მას ბიტკოინის სავაჭრო ფონდებში (ETF) სახსრების გადინება, ისევე როგორც პირველი კრიპტოვალუტის გაუფასურება დიდად არ აწუხებს.
მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ბიტკოინს ინვესტირებისთვის ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.
ცოტა ხნით ადრე, Galaxy Digital-მა და ფირმა Invesco-მ Bitcoin-ის საკუთარი სავაჭრო ფონდი (ETF) აამოქმედეს ტიკერით BTCO. დაარსების დღიდან ფონდმა 268 მილიონი დოლარი დააგროვა. რაც Grayscale Bitcoin Trust-ის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებელია.
ნოვოგრაცის თქმით, კრიპტოვალუტის ფასებმა შესაძლოა მაშინ მოიმატოს, როდესაც აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა განაკვეთების შემცირებას დაიწყებს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ში არჩევნების ჩატარების შემდეგ კრიპტოვალუტების რეგულირების სფეროში მეტი სიცხადე შევა.