სალვადორი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ახლოს არიან $1.3 მილიარდიანი საკრედიტო პაკეტის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან, რაც ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვს ბიტკოინის მიმართ პოლიტიკის შეცვლას.
IMF-ის დელეგაცია ჩავიდა სალვადორში და მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკრედიტო პროგრამის შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს $1.3 მილიარდის მოცულობის სესხს ბიტკოინის კანონიერ გადახდის საშუალებად მიღების პოლიტიკის შეცვლის სანაცვლოდ.
კერძოდ, პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს (Nayib Bukele) ადმინისტრაციამ უნდა შეზღუდოს “ბიტკოინის კანონის” მოქმედების არეალი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გეგმის მიხედვით, ბიტკოინის გადახდის საშუალებად სავალდებულო მიღების მოთხოვნა უნდა გაუქმდეს და ეს ფორმა გახდეს “ნებაყოფლობითი”. გარდა ამისა, ლათინოამერიკულმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ბიტკოინის კანონიერ ვალუტად აღიარება და შეზღუდოს მისი გამოყენება სახელმწიფო სექტორში.
IMF-ში განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სალვადორი დაუბრუნდება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებას და მიიღებს დამატებით $2 მილიარდ სესხს მსოფლიო ბანკისა და ამერიკის განვითარების ბანკისგან (IDB).
აქამდე, სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ განაცხადა, რომ ბიტკოინის $100,000-ის ნიშნულის გადალახვის შემდეგ, ქვეყნის მოგებამ ამ კრიპტოაქტივის შეძენასა და შენახვაზე $300 მილიონს გადააჭარბა.