გადახდის გლობალურმა ოპერატორმა SWIFT-მა გამოაცხადა პროექტის დაწყების შესახებ ციფრულ ვალუტაში ტრანზაქციების რეალურ დროში შესამოწმებლად. საპილოტე პროექტის დაწყება 2025 წელს იგეგმება.
SWIFT-ის ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკ კერიგანის (Nick Kerigan) განცხადებით, ოპერატორი მუშაობს იმაზე, რომ „2025 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას კრიპტოაქტივების სამყაროში“ და მიაწოდოს საკრედიტო-ფინანსურ დაწესებულებებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ციფრული აქტივებით ტრანზაქციების რეალურ ტესტირებაში SWIFT-ის ქსელში.
ტოპ-მენეჯერმა აღნიშნა, რომ პილოტური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება „ციფრული კუნძულების“ პრობლემის გადაჭრა — როცა სხვადასხვა კრიპტოპლატფორმაზე შექმნილი აქტივები ვერ ფუნქციონირებენ ერთიან საანგარიშო სივრცეში და ქმნიან იზოლირებულ სისტემებს.
„SWIFT-ის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერპერაბილურობას, რაც საშუალებას მისცემს სხვადასხვა ბლოკჩეინ-პლატფორმას შეუფერხებლად ინტეგრირდეს ტრადიციულ ფინანსურ ქსელებთან. ჩვენ ვაპირებთ თავიდან ავიცილოთ ფრაგმენტაცია, რომელიც უკვე მოხდა მას შემდეგ, რაც JPMorgan Chase-მა და CitiGroup-მა საკუთარი ბლოკჩეინ-სისტემები წამოიწყეს ბანკთაშორისი ანგარიშსწორებისთვის,“ — განაცხადა კერიგანმა.
SWIFT მუშაობს იმაზე, რომ დაეხმაროს ისეთი გადაწყვეტილების პოვნაში, რომელიც უზრუნველყოფს კრიპტოვალუტების, განურჩევლად იმისა, სად და რომელ ტექნოლოგიაზე შეიქმნა ისინი, ეფექტურად ურთიერთქმედებას ერთმანეთთან და შეუფერხებლად ინტეგრირებას არსებულ ფინანსურ სისტემაში, — აღნიშნა ოპერატორის ტოპ-მენეჯერმა.
ადრე ამერიკულმა კომპანიამ Ripple-მა, რომელიც კრიპტოვალუტური გადახდების ინფრასტრუქტურას აწვდის, განაცხადა, რომ დუბაის ფინანსური მომსახურების სამმართველოსგან (DFSA) მიიღო ნებართვა მუშაობისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE). ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს Ripple-ს შესთავაზოს ტრანსსასაზღვრო გადახდების სერვისები UAE-ში, მათ შორის Ripple Payments Direct (RPD), და კონკურენცია გაუწიოს SWIFT-ს ბანკთაშორის ანგარიშსწორების ბაზარზე.